Save Climate - Save Yourself!
დღე N1
27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” პროექტმა სახელწოდებით- Save Climate - Save Yourself! აიღო სტარტი.
პროექტი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ISFiT Foundation- ის ფინანსური მხადაჭერით იმართება. პროექტის მიზანია მონაწილეთა ინფორმირება ,,კლიმატის ცვლილებებსა და გამოწვევებზე”, რათა მიიღონ სფეროში ჩართვისა და მომავალი ნაყოფიერი მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება.
პირველი დღე გაცნობით ხასიათს ატარებდა. “ვორქშოფში” მონაწილეობისთვის შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი, ასევე გაცნობოდნენ პროექტის მიზნებს, განრიგსა და შინაგანაწესს.
პირველ დღეს მათ მიეცათ საშუალება გამოექთვათ საკუთარი აზრი “ვორქშოფთან” დაკავშირებულ მოლოდინებსა და “შიშებზე”, რაც ორიგინალურად წარმოადგინეს.
იმავე დღეს მოეწყო ლუკ ბესონის დოკუმენტური ფილმის “HOME” ჩვენება, რომელიც გარემოსდაცვით პრობლემებსა და პლანეტაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებს შეეხებოდა. ფილმი მიზნად ისახავდა მოხალისეებს წარმოდგენა შექმნოდათ იმ საკითხებზე, რომლებზეც ტრენინგის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა, დაფიქრება, პრობლემების სწორად დასმა და გაანალიზება.ფილმის დასრულების შემდეგ ჯგუფებად დაყოფილმა მონაწილეებმა მისი ანალიზი პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს
დღე N2
„ვორქშოფის“ განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს როგორც „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრების, ისე მოწვეული სტუმრების პრეზენტაციები.
პროექტის მიმდინარეობის მეორე დღეს მონაწილეებმა თამუნა ცერცვაძის პრეზენტაცია მოისმინეს, რამაც საშუალება მისცათ მიეღოთ თეორიული ცოდნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაენახათ არსებული პრობლემები და დაფიქრებულიყვნენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.
ამავე დღეს კლუბს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ექსპერტი კლიმატის ცვლილების საკითხებში კახა მდივანი ეწვია. მან მონაწილეებს გააცნო ის საერთაშორისო შეთანახმებები, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ასევე ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებით ქვეყანამ აიღო. კახა მდივანმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
მოხალისეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლის ციაკო აბესაძის პრეზენტაციაც.
დღე N3
მესამე დღეს მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობას „დედამიწის მეგობრები“ და CENN(კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი)-ს ეწვივნენ, ისინი ადგილზე გაეცნენ ორგანიზაციების საქმიანობას, პრიორიტეტებს. ორგანიზაციებიდან დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
ამავე დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი „პროექტის მართვა“, რომელსაც „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრი ირაკლი გიორბელიძე უძღვებოდა. ტრენინგის საფუძველზე მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეა პროექტის შესახებ, რასაც შემდგომში განახორციელებდნენ. შეიქმნა ოთხი ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეულმა საკუთარი პროექტი შეიმუშავა.
დღე N4
პროექტის მიმდინარეობის მეოთხე დღეს მოხალისეები მისაქციელში ”სოფლის თემთა განვითარების სააგენტოს“ ეწვივნენ. აქ ისინი გაეცნენ ალტერნატიული ენერგიის მიღების საშუალებებს და მოინახულეს ის დანადგარები, რომლებიც პირველად საქართველოში შეიქმნა და რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უფასოდ და ამოწურვადი რესურსების გამოყენების გარეშე ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დღე შეაჯამეს და შემდეგი დღე დაგეგმეს, რომელიც მათ მიერ შემუშვებული პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას დაეთმო.
დღე N5
მეხუთე დღეს „ვორქშოფის“ წარმომადგენლები პლაკატებით, ფლაერებით, მწვანე ყუთებითა და მწვანე ბუშტებით თბილისის ზღვას ესტუმრნენ. ისინი დამსვენებლებს მოუწოდებდენ გარემოს დაცვისა და სისუფთავის შენარჩუნებისკენ. აქტიურად ცდილობდნენ ტრენინგის განმავლობაში შექმნილი ლოზუნგის „გა-GREEN-დი“-ს პოპულარიზაციას.
მათ ასევე დაასუფთავეს სანაპირო ზოლი. აქცია შედეგიანი გამოდგა. დამსვენებლებს შორის გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებმაც დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები და მოხდა როგორც კონკრეტული დღის, ისე მთლიანად „ვორქშოფის“ შეჯამება. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას გარემოს დაცვის კუთხით და ამ საკითხისადმი მიძღვნილ პროექტებსა და აქციებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვეს.