ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები

        პროექტი ”მრგვალი მაგიდა ეკონომისტებთან ერთად”


დამფუძნებლები:
ირაკლი გიორბელიძე
ქეთევან ბაბუნაშვილი
თეიმურაზ ჩალაძე
დავით დაიაური

          პროექტი ”მრგვალი მაგიდა ეკონომისტებთან ერთად” მოიცავდა დისკუსიათა სერიას სხვადასხვა აქტუალურ თემებზე (ძირითადად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე).დისკუსიები იმართებოდა ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 20 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.

      პირველი შეხვედრა სადისკუსიო კლუბში ეკონომიკის დოქტორ, კავკასიის ეკონომიკური და სოცილური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან ბ-ნ დავით ნარმანიასთან გაიმართა. დისკუსია ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ გაიმართა. ეს კანონპროექტი ცნობილია როგორც ეკონომიკური თავისუფლების აქტი. თავდაპირველად ბ-ნ დავითმა წარმოადგინა ის ძირითადი ელემენტები, რასაც შეიცავს ზემოაღნიშნული კანონპროექტი:
  •  რეფერენდუმი გადასახადების ცვლილებებზე
  • ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვა
  • ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების აკრძალვა
  • ხარჯების მშპ-სთან თანაფარდობა- 30%
  • ვალის მშპ-სთან თანაფარდობა 60%
  • საბიუჯეტო დეფიციტი არაუმეტეს მშპ-ს 3%
ამ საკითხების მოკლე აღწერის შემდეგ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ სტუდენტები, მათ საკუთარი აზრი გამოხატეს ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის’ შესახებ და ასევე კითხვები დაუსვეს ბ-ნ დავითს. დისკუსია 2 სთზე მეტხანს გაგრძელდა.

      26 ნოემბერს სადისკუსიო კლუბის სტუმარი კონფლიქტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ბ-ნი ავთანდილ ხანთაძე გახლდათ. სადისკუსიო თემა სტუდენტების თხოვნის მიხედვით შეირჩა და მოწვეულმა სტუმარმა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ისაუბრა. ბ-ნი ავთანდილი სხვადასხვა დროს მუშაობდა კონფლიქტების მოგვარების დარგში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამავე სფეროში. მან მოკლედ მიმოიხილა სამაჩაბლოს რეგიონში არსებული მოვლენები მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე. სტუდენტებმა იმსჯელეს აგვისტოს საზარელ მოვლენებზე, იმაზე თუ სად დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომები და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება.

        სადისკუსიო კლუბის შემდეგი სტუმარი  ბ-ნი ლაშა ტუღუში გახლდათ. ბატონმა ლაშამ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს მედიას აწუხებს. დისკუსია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ თითქმის 3 სთ-ს გასტანა. ზოგადად მედია იმდენად ფართო ცნებაა, რომ მასზე საუბარი ერთი შეხვედრით ვერ ამოიწურებოდა, ამიტომ ბატონი ლაშა სადისკუსიო კლუბში კიდევ  სტუმრობას დაგვპირდა.

   






        სადისკუსიო კლუბის მეოთხე სტუმარი ეკონომიკის დოქტორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხემძღვანელი ბ-ნი ნოდარ ხადური იყო, რომელმაც საქართველოს მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

        სადისკუსიო კლუბი მაკროეკონომიკიდან საბანკო სფეროში გადაინაცვლა ეკონომიკის დოქტორ, ფინასებისა და საბანკო საქმის ექსპერტ ბ-ნ გოჩა თუთბერიძესთან ერთად. სტუმარმა მოკლედ აღწერა  საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობა არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე. სტუდენტებმა იმსჯელეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე.

 
 სადისკუსიო კლუბის კიდევ ერთი სტუმარი ”ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს’ პრეზიდენტი ბ-ნი პაატა შესელიზე იყო, რომელმაც ზოგადად ლიბერალიზმის გამოწვევებზე ისაუბრა.
   
     ბ-ნი პაატას შემდეგ კლუბის სტუმარი კონფლიქტოლოგი ქეთევან ციხელაშვილი გახლდათ. განხილულ იქნა აფხაზეთში არსებული სამწუხარო რეალობა, აფხაზური საზოგადოების ნდობის აღდგენის და საქართველოს გამთლიანების პერსპექტივები.

   
      სადისკუსიო კლუბის შემდეგი ორი შეხვედრა დაეთმო თავად სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებზე საუბარს.
   
    რაც შეეხება ბოლო მეათე შეხვედრას ამ პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა ევროკავშირის ექსპერტთან ერთად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები.


p.s. სადისკუსიო კლუბი დიდ მადლობას უხდის თვითმმართველობის პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი შამათავას, თვითმმართველობის მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქ-ნ თეონა ლავრელაშვილს და მის მოადგილეს მარი გვარამაძეს, რომელიც უშუალოდ უწევს კოორდინირებას პროექტს თვითმმართველობის მხრიდან.






 პროექტი ”დებატ კლუბი”
      პროექტი დებატ კლუბი-დებატები ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში,22-25 დეკემბერს,საინიციატივო ჯგუფის მიერ . პროექტში მონაწილე სტუდენტები შეირჩა CV-ს საფუძველზე. შერჩეულ სტუდენტებს შორის ჩამოყალიბდა გუნდები მათი სურვილისამებრ ორი ადამიანის შემადგენლობით.
                                დებატების განხორციელების წესები და პირობები:
     მონაწილე გუნდებს მიეცათ სადებატო თემა, რომლის გარშემო არგუმეტების მოსაფიქრებლად ქონდათ ათი წუთი, რის შემდეგაც იწყებოდა უშუალოდ დებატები.
თითოეულ გუნდს ყავდა კაპიტანი და ერთი გუნდის წევრი, დებატებს იწყებდა გუნდის აპიტანი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქონდა 3 წუთი, შემდეგ გუნდის წევრს ეძლეოდა ორი წუთი დამატებითი არგუმენტების წამოსაყენებლად, რის შემდეგაც გუნდის კაპიტანს ეთმობოდა კიდევ ერთი წუთი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
       მოდებატე გუნდებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: პროექტის ხელმღვანელი ნინო გიუნაშვილი და თანაორგანიზატორები ქეთევან მცურავიშვილი და მარიამ ჩალათაშვილი, რომელთაც თავად აქვთ საკმაოდ წარმატებული გამოცდილება დებატებში მონაწილეობის. ისინი შესაბამის კრიტერიუმთა სისტემით აფასებდნენ გუნდებს:
   1. არგუმენტების სიძლიერე
   2. არგუმენტების თანხვედრა თემასთან
   3. პრეზენტაბელურობა:
   4. ჟესტების გამოყენება
   5. ემოციურობა
   6. თავდაჯერებულობა
   7. დროის სწორად განაწილება
     დებატები განხორციელდა ორ ეტაპად, სულ მონაწილეობა მიიღო 16 გუნდმა გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ წიგნები, ბლოკნოტები, საწერი კალმები და სხვა ფასიანი საჩუქრები.





                  ტრენინგი ”პრაქტიკული უნარ- ჩვევები
                     წარმატებული საქმიანობისთვის

   პროექტი ”პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული საქმიანობისათვის”განხორციელდა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში 14-21 დეკემბერს. პროექტი მოიცავდა 6 ტრენინგს ისეთ თემებზე, როგორებიცაა,
  •       როგორ დავსაქმდეთ
  •       ეფექტური პრეზენტაცია
  •       არავერბალური კომუნიკაციის როლი ურთიერთობაში
  •       წარმატების ფორმულა
  •       დროის მენეჯმენტი
  •       ლიდერობა
      პროექტი მიზნად ისახავდა დაინტერსებულ პირებში, სტუდენტებში იმ პრაქტიკულ უნარებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც აუცილებელია კარიერაში წარმატების მისაღწევად.