Tuesday, May 24, 2011

საინფორმაციო კვირეული

16-დან 20 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და სტუდენტური ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” ინიციატივით ივ.თარხნიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო კვირეული ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე.



პროექტი მიზნად ისახავდა ჯანდაცვის  აქტუალურ თემებზე საზოგადოების, კერძოდ კი სტუდენტების ინფორმირებას. ასევე აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტების ჩართვას დისკუსიებსა და განხილვებში, რაც ხელს შეუწყობს პრობლემაზე ორიენტაციას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას.


     კვირეულის ფარგლებში გაიმართა ”მრგვალი მაგიდა” მხოლოდ სტუდენტებისთვის, თსუ-ს და თსსუ-ს სამედიცინო ფაკლუტეტის სტუდენტებმა არაფორმალურ გარემოში წარმოადგინეს პრეზენტაციები ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე  და გაუზიარეს გამოცდილება და დაგვროვილი ცოდნა არასამედიცინო განათლების მქონე სტუდენტებს.

      
      წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: ალკოჰოლიზმი, “Lucy in the sky with diamonds” - ყველაფერი LSD-ს შესახებ, ჯანმრთელობითი ქცევა - პრევენციული მედია, სექსუალური გადახრები, აბორტი, სექსუალური აღზრდა მოზარდებში, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები, ჭარბი წონა-XXI საუკუნის პრობლემა, საკვები დანამატები, ჯანსაღი ღიმილი, უძილობა: სტუდენტების პრობლემა.

     
       კვირეულმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში და განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს სხვადასხვა ჭრილში, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი იდეების წარმოშობის წინაპირობა ხდებოდა. კითხვების გაჩენის შემთხვევაში კი პრეზენტატორები მზად იყვნენ დაეკმაყოფილებინათ მათი ინტერესი.

     
       პრეზენტაციები არ იყო დატვირთული სამედიცინო ტერმინოლოგიით, რაც წარმდგენების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას უფრო ადვილად აღქმადსა და ყველასათვის გასაგებს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი სწორედ არასამედიცინო განათლების მქონე სტუდენტების ინფორმირება, აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე დაფიქრებას ისახავდა მიზნად.


        ყოველი პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ მიიღეს საჭირო და საინტერესო ინფორმაცია და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, რისი განხილვის საშუალებაც მანამდე არ მისცემიათ.


       თავის მხრივ, კვირეულის ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობდნენ სხვადასხვა თამაშს, რომელიც ემსახურებოდა მონაწილეების გაცნობასა და ინტერაქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც სამუშაო შეხვედრას უფრო სახალისოს ხდიდა.