2010 წელს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმისა და კომპანია IPM-ის მიერ საქართველოში ჩატარებულმა „ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევა“-მ გამოავლინა ის პრობლემატური თემატიკა, რომელზეც საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ახალგაზრდული ორგანიზაციები თავს არიდებენ მუშაობას. შედეგებმა აჩვენა, რომ 47 გამოკითხული ახალგაზრდული და ახალგაზრდებზე მომუშავე ორგანიზაციიდან მხოლოდ 1-მა დაასახელა ეკოლოგია თავის სამუშაო მიმართულებად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკთან არსებული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია- “Youth Voices Georgia” ინიციატივით, ორგანიზებულ იქნა ახალგაზრდული ეკო-კონფერენცია. კონფერენციის პირველი ეტაპი მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმას, რათა მათ მიეღოთ სფეროში ჩართვისა და მომავალი ნაყოფიერი მუშაობისათვის აუცილებელი საბაზისო ცოდნა.
პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ მიღებული ცოდნის გავრცელებას საკუთარ ორგანიზაციებში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობის საშუალებით. თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელმა საკუთარ ორგანიზაციაში უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ასეთი ღონისძიება სულ მცირე 10 ახალგაზრდისათვის.
კონფერენციის პროგრამა მოამზადა და ჩაატარა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში კომპეტენტურმა 5-მა ახალგაზრდამ. მათ შორის ტრენერად/ექსპერტად მიწვეული იყო „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“-ის წევრი -თამარ ცერცვაძე, რომელმაც მოახდინა პრობლემის ანალიზი და გააკეთა პრეზენტაცია 21-ე საუკუნის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ახალგაზრდული ორგანიზაციების 20 წარმომადგენელი, მათ შორის „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბიდან“ ორი აქტიური მონაწილე: ია გოცაძე და მარი ჯანანაშვილი. ია და მარი მიღებული ცოდნის პრაკტიკაში გამოყენებას გეგმავენ და უახლოეს მომავალში განახორციელებენ პროექტს მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარების მიზნით.